ღვთისმშობლის შობის ეკლესიაშვიდი საუკუნეა სოფელ ლიხაურს, როგორც ძველად ეძახდნენ “რეხუელს” ან “ლეხუერს”, შემაღლებული ადგილიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი გადმოჰყურებს. იგი ოდნავ შემაღლებულ ადგილას, ამავე სოფლის შუაგულში მდებარეობს. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა.   მას დასავლეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭე, რომელიც მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული, ასევე გვიანი პერიოდისაა ეკლესიის სამხრეთი ფასადიც, რომელიც მორღვეულია და ქვითა და აგურით აღუდგენიათ, დაახლოებით XV-XVI საუკუნეებით თარიღდება ეკლესიის სამრეკლო, სამრეკლო ელენე დედოფალს და მამია გურიელს აუგიათ, სამწუხაროდ, ყურძნის მტევნებისა და ფოთლების გამოსახულებანი სამრეკლოს არ შემორჩენია. ეკლესიის მოხატულობა კი რამდენიმე წლის წინ ფრესკების განახლების მიზნით რესტავრატორებმა ჩამოფხიკეს.

ლიხაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი 1352 წელს კახაბერ გურიელმა ვარდანის ძემ გურიისა და სვანეთის ერისთავმა ააშენა. ეკლესია კომუნისტების დროს დაკეტილი იყო და ხალხს არ უშვებდნენ.
გადმოცემით, კომუნისტებმა ეკლესია დაარბიეს და წაიღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ტაძრის ოთხთავის სახარება კი იქ მოღვაწე ბერ-მონაზონმა ნესტორ კონტრიძემ გადაარჩინა. ოთხთავის სახარება ტყავზე იყო დაწერილი, რომელიც ხუცურით იყო ნაწერი.

images   მამა ნესტორი ასევე შემომქმედი იყო მრავალი ხალხური სიმღერისა და საგალობლისა, იგი ბოლშევიკებისაგან შეურაცყოფილი 1931 წელს გარდაიცვალა გაჩენილი სიმსივნით, როცა კომუნისტებმა ლითონის შურდულზე დამაგრებული ბურთულა თვალში მოარტყეს სიმსივნე მაშინ გაუჩნდა. არის ვარაუდი, რომ იგი ეკლესიის ეზოში არის დასაფლავებული, შემდეგ სხვა მიცვალებული დაასაფლავეს, ამით ერთხელ კიდევ შეურაცხყვეს ეს თვალსაჩინო საეკლესიო მოღვაწე.

 

ლიხაურის ტაძარში ინახებოდა XI საუკუნეში დამზადებული მაცხოვრის ოქროს ხატი, XII-XIII საუკუნეების წმ. იაკობის ოქროს ხატი, XII-XIII საუკუნეების ტრიპტიხი პეტრე და პავლე მოციქულებისა და მთავარანგელოზების გამოსახულებებით, XIV საუკუნის ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი, XVII-XVIII საუკუნეების ღვთისმშობლის მოოქროვილი ვერცხლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც “საზაროს” უწოდებდნენ. ამ ხატის წინაშე ხალხი ფიცს დებდა, თუ ვინმე ტყუილად დაიფიცებდა, ღვთისმშობელი შერისხავდა და ზარს დასცემდა, სახელწოდებაც აქედან მიუღია ხატს.
ტაძრის მახლობლად მდგარა მუხის ხე(რომელიც ახლაც დგას). აქ ხატზე გადასაცემად მოდიოდნენ. თ. სახოკია ასეთ ჩვეულებას აღწერს: “ ჩაარჭობდნენ თურმე ლურსმანს ძირამდე და იტყოდნენ: ლეხოურის ღვთისმშობელო, ამას და ამას (სახელი და გვარი) მანმდე ნუ მისცემ ხსნასა და შველას, სანამ კბილით არ ამოიღოს ეს რულსმანი მუხიდანო.” ცხადია, ეს ჩვეულება წარმართობის გადმონაშთი იყო.
ასევე ხალხი ამ მუხის ქვეშ კომუნისტების შემოსევის დროს ორმოს თხრიდა და ეკლესიის ძვირფას ნივთებს მალავდა. თურმე თანასოფლელებს ნესტორისათვის ისიც უთქვამთ მოძღვარო ახლა, ახლა გვიშველოს შენმა ღმერთმაო. “მეტი რაღა გითხრათ თქვენ ურწმუნოებამ და ღვთის გმობამ სულ გაგაგიჟათო.”- მიუგია ნესტორს.
1991 წელს კვლავ აღდგა ეკლესია. უახლოეს წლებში აქ მოღვაწეობდნენ: მამა ნიკოლოზი, მამა მათე, მეუფე გრიგოლი- რომელმაც ჩაატარა რესტავრაცია, მოახატვინა ეკლესია, შეიძინა ხატები. მეუფე გრიგოლის შემდეგ მოღვაწეობდა მამა ზაქარია (მარგალიტაძე), ხოლო ამჟამად ბერი ღირსი მამა იოსები აგრძელებს ღვთისმსახურებას.
ამ ტაძარს ჰყავს დიდძალი მრევლი. სანამ მაკვანეთსა და ჭანიეთში ააშენებდნენ ეკლესიებს, მანამ აქ დადიოდნენ ახლო სოფლებიდან ღვთის სიტყვას მონატრებული მორწმუნეები, გულით ქრისტიანები.

This slideshow requires JavaScript.