ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, მდინარე აჭისწყლის ზემოწელთან ახლოს, საკმაოდ დიდი _ რვა აუზისგან შემდგარი საკალმახე მეურნეობაა გახსნილი. მეპატრონე რამაზ მსახურაძე ბათუმის მკვიდრია. ლიხაურში ახლობლების დახმარებით შეარჩია შესაბამისი ადგილი და უკვე ხუთი წელია, მისი საკალმახე მეურნეობა გამართულად ფუნქციონირებს.

ახლა აქ ფიზიკურ სამუშაოებზე სამი ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული: კახა ლომჯარია, მალხაზ მსახურაძე და ნუგზარ ირემაძე. მათი მუდმივი საზრუნავი კალმახის სწორი და დროული კვება და წყლის ტემპერატურის კონტროლია.

_ აქ ამერიკული ჯიშის კალმახი გვყავს. ამ სახეობის კალმახს არ უყვარს ზედმეტი სიცხე ან სიცივე. აუცილებელია, წყლის ტემპერატურა მუდმივად +24 გრადუსი იყოს. თუ ტემპერატურა _3 გრადუსამდე დავარდა, თევზი საკვებს პირს არ დააკარებს. +5 გრადუსი სითბო მაინც უნდა იყოს, რომ ჭამოს, _ გვეუბნება კახა ლომჯარია და აუზში ჩასული კალმახების ჯგროს ჩვენს თვალწინ უყრის სპეციალურ საკვებს. ისინიც დაფეთებული ქარავანივით თავგანწირული ტრიალებენ აღმა-დაღმა, თითქოს, ერთმანეთის ჯიბრზე ჭამენ თუ ერთურთს სტაცებენ ლუკმას.

თვალსაწიერზე გადაჭიმულ რვა აუზს შორის, განსხვავებული ზომისას ვერ შეამჩნევ. ყველა თანაბარი სიდიდისა და მოცულობისაა. მათში სხვადასხვა ზომის კალმახები ნებივრობენ. როგორც მალხაზ მსახურაძე გვიხსნის, ეს აუზები, ყველა თევზის საზრდელადაა განკუთვნილი. სალიფსიტე აუზი კი აქედან შორს, ჩოხატაურში, ჩხაკაურას ხეობაში აქვთ.

_ აჭისწყლის ტემპერატურა ლიფსიტის გამოსაყვან სტანდარტს არ შეესაბამება. აქ ვახდენთ ქვირითის გამოწველას, შემდეგ კი მიგვაქვს ჩხაკაურაში, სადაც მცირე ზომის აუზები გვაქვს და ქვირითს შიგ ვათავსებთ. იქ წყალი ძალიან ცივია. ლიფსიტების გამოყვანას ასე ვახდენთ. დაახლოებით 40 დღის შემდეგ, სამ გრამამდე წონის ლიფსიტები აქ მოგვყავს და აუზებში, ნორმალური ტემპერატურის წყალში ვუშვებთ. მერე იწყება მათი ზრდა და შესაბამისი მოვლა, სრულ რეალიზაციამდე, _ ამბობს მალხაზ მსახურაძე.

კალმახის ზრდას, კარგ საკვებთან ერთად, ამინდიც უნდა უწყობდეს ხელს. ასეთ შემთხვევაში, ექვსი თვის შემდეგ, კალმახის წონა 200 გრამია. ძირითადი სტანდარტიც ეს არის, ისეთი, როგორსაც ყოველთვის ითხოვს მომხმარებელი.

ლიხაურის საკალმახე მეურნეობის კლიენტურა ძირითადად გურიის, ქუთაისის და თბილისის რესტორნებია. ასევე, აქაურ კალმახს კარგი გასავალი აქვს ადგილობრივ სავაჭრო დაწესებულებებში. თევზის რეალიზაცია ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე აქტიურად მიმდინარეობს. ისე კი, როგორც კახა ლომჯარია განმარტავს, მუშაობის სეზონი, მეტ-ნაკლებად მთელი წლის მანძილზეა და პრაქტიკულად, საკალმახე მეურნეობაში მუშაობა არ ჩერდება. აქ დასაქმებულთა უმთავრესი საზრუნავი გამუდმებით წყლის ტემპერატურის გაზომვაა, რათა გარკვეულ მომენტში რაიმე ცვლილება არ მოხდეს.

_ მთავარი, იცით, რა არის? თუ წყლის ტემპერატურა _3 გრადუსამდე დაეცა, წყალში ჩაყრილ საკვებს თევზი არ შეჭამს და ეს ძვირადღირებული “კორმა” ტყუილად გვეზარალება. თვითონ კალმახმა, შეიძლება, სამ თვეს არ ჭამოს ეს “კორმა” და ცოცხალი იყოს. ამიტომაა განსაკუთრებით საყურადღებო წყლის ტემპერატურა, _ წყლის ჩქაფანში ხმამაღლა გვიამბობს აუზში ჩამდგარი კახა ლომჯარია და სპეციალური ბადით, ყირაზე მოფართხალე კალმახთა გუნდს, წამიერად ჰაერში ისვრის, თევზები კი თვალმიუტანელი ასხლეტით ისევ წყალში, მზისგან ჩასარკულ ანარეკლში უჩინარდებიან.

საკალმახე მეურნეობის მენეჯმენტის სამსახური ცალკე მუშაობს. საკმაოდ მაღალია ელექტროენერგიის გადასახადი, თვეში საშუალოდ _ 150 ლარი. დღეს აქ დასაქმებული მუშების ყოველთვიური ხელფასი 500 ლარს შეადგენს და თითოეული მათგანი კმაყოფილია. კილოგრამი კალმახის ფასი ადგილზე 8-9 ლარია, ბაზარზე კი _ 12 ლარი. ახლა საკალმახე მეურნეობის მფლობელის უმთავრესი საზრუნავი საკონსერვო ქარხნის გახსნაა, რასაც აქ დასაქმებულები ინტერესით მოელიან. როგორც კახა ლომჯარია ამბობს, ამ ეტაპზე საუბარია გრძელვადიან სესხზე, 50 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც ჯერჯერობით არ დაუმტკიცეს. მათივე განცხადებით, უარიც არ უთქვამთ, თუმცა, პროცესი დროში გაიწელა.

აღსანიშნავია, რომ გურიაში საკალმახე მეურნეობა ჯერჯერობით ვაკიჯვარსა და აქ, ლიხაურშია გახსნილი.

ზოგადად, კახა ლომჯარია და მალხაზ მსახურაძე მიიჩნევენ, რომ ჩვენი მხარე მდიდარია ჰიდრორესურსებით. შესაძლებელია, დაინტერესებულმა პირმა, ვინც ღელეებისა თუ მდინარის სიახლოვეს ცხოვრობს და დინება უწყვეტია, გააკეთონ მცირე აუზი და გაუშვან თევზი, რომლის მოვლა დიდ ჭაპანწყვეტას არ მოითხოვს და საოჯახო საჭიროებასაც მთლიანად დააკმაყოფილებს. მთავარია, ჩქერის შემცველი წყლის უწყვეტი ნაკადი, რომ ჟანგბადი აიღოს და მინიმუმ 100 მმ დიამეტრის მქონე მილი, მუდმივად წყლით სავსე. ( gurianews)